საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოფელ უდაბნოს წარმომადგენელი, ალექსი იოსელიანი დღეს დღეს "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობს.
სავარაუდოდ სწორედ იოსელიანი დგას გუშინ, გარეჯში მომხდარი თავდასხმის უკან, რა დროსაც "მთავარის" ჟურნალისტებსა და ივერ მელაშვილს სასულიერო პირები და ადგილობრივები დახვდნენ, გზა გადაუკეტეს, მუშაობის საშუალება არ მისცეს და ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
იოსელიანის ნაცვლად დღეს მისი სანათესაო აქტიურობდა და ასევე აგრესიით გამოირჩეოდა მედიის მიმართ. ნათესავებმა მომხდარის პროვოცირებაში ჟურნალისტები, "ქვეყნის ღალატში" კი ივერი მელაშვილი დაადანაშაულეს.
"ინციდენტთან დაკავშირებით ვიცი ის, რომ ამხელა დღესასწაულზე ჩვეულებრივი პროვოკაცია მოეწყო ივერი მელაშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხლებ ჟურნალისტებთან ერთად, ეს იყო ჩვეულებრივს ცალსახა პროვოკაცია ამხელა დღესასწაულზე გარეჯში შეურაცხმყოფელად მივარდნა. მანამდეც ჰქონდა ფაქტი ივერი მელაშვილის აქ ამოსვლას და მაშინ ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, ვფიქრობ, ზუსტად ის იყო საბაბი იმის, რომ მეორედაც გაბედა.
თითოეული მოქალაქის, უდაბნოს მაცხოვრებლის პირადად ჩემი მადლობა ვინც დახვდა და საკადრისი პასუხი გასცა მას, რაც ეკუთვნოდა. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბევრად უფრო ლოიალური დამოკიდებულება და ლმობიერი რეაქცია ვიდრე მას რეალურად ეკუთვნოდა, მან გარეჯი გაყიდა, მან საქართველო გაყიდა, ის არის მოღალატე", - თქვა ალექსი იოსელიანის ნათესავმა, ანა იოსელიანმა.
იოსელიანი ამბობს, რომ "მთავარი არხის ჟურნალისტმა თავი "ძალით წაიქცია", ხოლო სასულიერო პირის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
იოსელიანის ნათესავები ამბობენ, რომ "ოცნების" წარმომადგენლემა ადგილზე ვითარება განმუხტა "იმისი წყალობაა, რომ იმაზე მეტად არ დაიძაბა, ვიდრე იყო".
საქმეზე ამ დრომდე არ გამოკითხულან ინციდენტში მონაწილე სასულიერო პირები. როგორც საგარეჯოს პოლიციაში ამბობენ, ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე: