ტესტების სკანდალი გრძელდება. საგარეჯოელ ექიმს, რომელსაც COVID ინფიცირება ერთი ტესტით უკვე დადასტურებული აქვს, განმეორებით იკვლევენ.
ექიმები ოქროს ტანდარტად აღიარებული PCR ტესტის შედეგს არ ენდობიან და მას იმავე მეთოდით ამოწმებენ, თუმცა კვლევაში ახლა სხვა ელემენტებსაც რთავენ.
ანალოგიური სიტუაცია იყო ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის შემთხვევაში - პირველი ტესტით მას კორონავირუსი დაუდასტურეს, შემდეგ გაარკვიეს, რომ სასწრაფოს ექიმი ინფიცირებული არ იყო და სახლში გაუშვეს. თუმცა, კლინიკაში COVID ინფიცირებულებთან ერთად ყოფნის გამო, ახლა კარანტინში დაკვირვების მიზნით წაიყვანეს.
ამ ორი კახელი ექიმის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დასვა დღის წესრიგში ტესტების ხარისხიანობა. განსაკუთრებით PCR ტესტის, რომელსაც ექიმები ოქროს სტანდარტს უწოდებენ და ყველაზე მეტად ენდობიან. თუმცა ამ ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, რომ ეს სრულყოფილი კვლევის მეთოდი არ არის. ამას დღეს არც ექიმები უარყოფენ და ამბობენ, რომ ის 100-პროცენტიან შედგს არ იძლევა.
იმას, რომ ტესტს, შესაძლოა, ცდომილება ჰქონდეს, არავინ უარყოფს. თუმცა მედიკოსთა მეორე ნაწილი ამბობს, რომ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს იმ ტესტზე, რომელსაც პაციენტების კვლევისთვის იყენებენ. ასევე იმაზე, თუ რა მეთოდოლოგიით და რამდენად კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ კონკრეტულ ლაბორატორიებში.
რა ტესტებს იყენებს სახელმწიფო COVID ინფიცირებულთა კვლევისთვის, უცნობია. კონკრეტულმა ორგანიზაციებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს საჯარო ინფორმაცია არაერთხელ გამოითხოევს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ეს დამოკიდებულება კი მათ ეჭვს უჩენს, რომ სახელმწიფო მსოფლიო პანდემიის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავს.
კარგია თუ ცუდია, მოქალაქეების კვლევა მაინც იმ ტესტებით გრძელდება რომლის ხარისხი და წარმომავლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ ბოლო პერიოდში არაერთხელ დადგა.