
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი განმარტავს, ევროკავშირის გირაოს შემდეგ, რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ მელია გათავისუფლდეს.
გიორგი კონდახაშვილის თქმით, ახლა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეცვალოს.
ადვოკატის თქმით, არც სასამართლოს და არც პროკურატურას დაცვის მხარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის დატოვებს საპატიმროს ნიკა მელია.
"პოლიტიკური პატიმრობის დასასრულის გასაღები აქვს ხელისუფლებას. გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით და აღნიშნულის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იქნება იმსჯელოს შუამდგომლობის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა არც სასამართლოსა და არც პროკურატურასთან. არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. არც პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უკვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ",-თქვა კონდახაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა. ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, მელიამ საპატიმრო ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, დოკუმენტში ასევე განხილული იყო, ევროკავშირს მხრიდან გირაოს გადახდაც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.