შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით 35 წლის დავით მუმლაძე გაიტაცეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს ლიკვიდაციისთვის გადასცეს.
მიხეილ ღუბიანიძე და დავით მიროტაძე უპრეცედენტო კრიმინალური ისტორიის ეპიცენტრში არიან. ირკვევა, რომ პირველი ოქტომბრის დილას, პოლიციელებმა მუხიანიდან გლდანის მიმართულებით მოძრავ ავტომობილს გზა გადაუკეტეს, დავით მუმლაძე მანქანიდან გადმოიყვანეს და რუსთავის მიმართულებით გაიტაცეს.
ასე აღმოჩნდა დავით მუმლაძე რუსთავში მტკვრის სანაპიროზე, დანა 30-ჯერ ჩაარტყეს და წამებით მოკლული მტკვარში გადააგდეს.
დავით მუმლაძე სახლიდან მისმა ახლო მეგობარმა გამოიყვანა, რომელმაც მოკლულს თითქოს საქმიან შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. მისი ბინიდან გამოყვანა მხოლოდ ახლო მეგობარმა შეძლო, რომელიც ახლა დაკავებულია. გიორგი გეთაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარიც მსხვერპლია და ლიკვიდაციის ოპერაცია პოლიციის დაგეგმილია.
დავით მუმლაძეზე კრიმინალური სამყარო რამდენიმე თვეა, ნადირობს. მისი მოკვლის ბრძანება კანონიერმა ქურდებმა ივლისში, უცხოეთში გამართული შეკრების დროს გასცეს. მუმლაძეს ე.წ. ქურდული ობშიაკის თანხას ედავებოდნენ.
ორი მოქმედი პოლიციელის გარდა, საიდუმლო ოპერაციაში ერთი ყოფილი სამართალდამცავი, დიმიტრი დუღაშვილიც მონაწილეობდა.
5 დაკავებულიდან ერთი კრიმინალური ავტორიტეტია. საქმის მასალებით დგინდება, რომ სწორედ მან მოკლა პოლიციელების გატაცებული დავით მუმლაძე.
კრიმინალური სამყაროსა და პოლიციელების თანამშრომლების საქმის ფიგურანტები სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგებიან. ამ დრომდე დუმს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურს საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს მისი თანამშრომლების მიერ ადამიანის გატაცების და მკვლელობის საქმეზე.