ნიკა მელიას გათავისუფლებამდე საათები რჩება - პროკურატურამ სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართა, რომ შეიცვალოს მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობის ნაცვლად ისევ გირაოს გადახდა განისაზღვროს.
გირაოს თანხა კი უკვე გადახდილია ევროკავშირის მიერ და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას, ნიკა მელიას თავისუფლებას, წესით, წინ აღარაფერი დაუდგება.
თუმცა ეს ამბის მხოლოდ პირველი ნაწილია - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლით მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არ შეწყდება. ის უნდა შეწყდეს ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, მაგრამ კანონპროექტი უკვე გახდა არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციის შიგნითაც მძაფრი განხილვის, კამათის და დავის საგანი.
მთავარ პრობლემად იგივე რჩება: შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ერთდროულად ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმაც მოაწერა ხელი, პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი უნდა შეეხოს "2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დაღვევასა და დაკავებას".
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ამ პუნქტს ხელი მოაწერა, ახლა ცდილობს ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომ არც შეთანხმება დაარღვიოს და არც საყოველთაო ამნისტია გამოაცხადოს.
"ქართული ოცნება"კი ამბობს, რომ, დიახ, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას - მათ შორის, სპეცრაზმელებსაც და მათთვის ბრძანებების მიმცემთაც. არგუმენტად კი იშველიებს დოკუმენტში ჩადებულ ამ პუნქტს, რომელზეც პარლამენტში შესული ოპოზიციის ხელმოწერაც არის.
სამწუხაროდ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, როდესაც განხილვა საპარლამენტო დარბაზში გადაინაცვლებს და ისევ მოგვიწევს კვირების განმავლობაში პოლიტიკოსების ურთიერთ-კრიტიკის და ლანძღვის სმენა.
ანა ასათიანის რეპორტაჟი: "ვის შეეხება ამნისტია"