ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის ბოლოს ეცოდინებათ კონკრეტული პაკეტი, რა ტიპის წახალისებები ექნებათ სრულად ვაქცინირებულებს.
"ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე კიდევ დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტი გვექნება - რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება", - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია "ასტრაზენეკასა" და "სინოფარმის" ვაქცინებით მიმდინარეობს. "ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი შეზღუდვა 55 წელია, "სინოფარმზე" კი 18.