იუსტიციის სამინისტრო, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.
"საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება", - წერს იუსტიციის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ვისი სარჩელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სტრასბურგმა განხილვაში მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელიაა.
ენმ-ის თავმჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი პირველ მარტს დაარეგისტრირეს, 21 აპრილს კი სტრასბურგმა სარჩელი დააკომუნიცირა და მთავრობას ყველა იმ საკითხზე დაუსვა შეკითხვები, რომელზეც საჩივარში იყო საუბარი.