"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მის საქმეზე ევროსასამართლო ჭეშმარიტებას დაადგენს და ეს ბიძინა ივანიშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
მელიას თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"ქართულ ოცნებას" სანერვიულო აქვს, ვინაიდან ის მათ მიერ არის "შეთითხნილი":
"არავის ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ როდესაც მოვა შესაბამისი დღე, საქმეზე ევროსასამართლო ჭეშმარიტებას დაადგენს და ოლიგარქს უხერხულობაში ჩააგდებს.
საქმე არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი, ეს მათვე იცოდნენ, ამიტომაც ჰქონდათ 2 წელი თაროზე შედებული.
ეს ყველაფერიო დადგინდება ევროპული სასამართლოს მიერ და ბუნებრივია სანერვიულო აქვს ქართულ ოცნებას და მათი ნებაა ნერვიულობენ უფრო მეტად თუ ნაკლებად",- თქვა მელიამ.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ისრების გადატანის გარდა არაფერი დარჩენია.
ნიკა მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ენმ-ის თავმჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი პირველ მარტს დაარეგისტრირეს, 21 აპრილს კი სტრასბურგმა სარჩელი დააკომუნიცირა და მთავრობას ყველა იმ საკითხზე დაუსვა შეკითხვები, რომელზეც საჩივარში იყო საუბარი.