იზოლაციისა და კარანტინის პირობებში, ოჯახის წევრებზე ძალადობის შემთხვევები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში" ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე დახმარებისთვის ქალთა მიმართვიანობა მარტისა და აპრილის მონაცემებით, გაორმაგებულია.
ძალადობის ფაქტების აღმოჩენისა და გამოძიების პრობლემას ქმნის იზოლაციისა და კარანტინის პირობებიც, როცა სახლში გამოკეტილ მსხვერპლს პოლიციისთვის მიმართვა არ შეუძლია.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა პირი, რომელიც მეუღლეს სისტემატურად სცემდა, მორიგი დაკავებისას ისევ 1000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაუშვეს. ძალადობის შედეგად ქალმა ნაყოფი დაკარგა.
ქალზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს სცემა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ადგილზე გამოძახებულმა პატრულმა მამაკაცი დააკავა, თუმცა დამნაშავე გაათავისუფლეს. დაზარალებულს განუმარტეს, რომ კორონავირუსის გამო ახალი პატიმრების გაშვება ციხეში ასე მარტივად არ ხდება, ამიტომ მამაკაცი 2000 ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.
ძალადობის შემთხვევების მატებაზე წუხს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. საქართველოს წარმოამდგენლობაში ყვებიან, რომ პრობლემა, საქართველოს მსგავსად, ევროპის ქვეყანებსაც აწუხებს და თუკი საკარანტინო იზოლაციის პერიოდი კიდევ ექვს თვეს გახანგძლივდება, მაშინ ქალებზე ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.
შინაგან საქმეთა სამინიტროში არ ადასტურებენ, რომ პანდემიის პირობებში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის თებერვალში მოძალადეებზე 840-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მარტში კი - 930. საქმე ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს ეხებოდა.
6 მაისი - რძლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დედამთილი დააკავეს.
2 მაისი – გოგონამ თავის მოკვლა ოჯახში მუდმივი ფსიქოლოგური ძალადობისა და ცემის შემდეგ სცადა.
1 მაისი - სამართალდამცველებმა ოჯახში ძალაოდობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
30 აპრილი – მეუღლისა და შვილების ცემისა და მუქარის გამო პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.