
31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტში საორგანიზაციო სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, თუ ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო დარღვევების შემსწავლელ ჯგუფს.
საარჩევნო კომისიის შექმნასა და დაკომპლექტებაში მონაწილეობას მმართველი გუნდი და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" მიიღებს. "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნო დარღვევების გამოსაძიებლად პლატფორმა "გაუმზადა", თუმცა ისინი მასში მონაწილეობას არ იღებენ.
"პლატფორმა გავუმზადეთ იმისთვის, რომ მოეტანათ მტკიცებულებები, წინადადებები, ან დაეკითხათ თანამდებობის პირები, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, ამიტომ საორგანიზაციო სხდომა ჩაინიშნა, შედგება და აირჩევა თავმჯდომარე და დამტკიცდება დებულება.
ვთქვით, რომ ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია, გამოთქვამს სურვილს, რომ იყოს ამ საგამოძიებო კომისიის წევრი და უნდა, რომ მოიტანოს თავისი მტკიცებულებები, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ კვოტირებას საგამოძიებო კომისიაში.
სწორედ ამ მიზნით შევქმენით, რომ თუკი რომელიმე ოპონენტს ჰქონდა რაიმე მტკიცებულება, მოეტანა და ემსჯელა. ჩვენ მათ ნაცვლად ნამდვილად ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ და ვერ მოვიძიებთ მტკიცებულებებს, იმიტომ რომ ასეთი არ არსებობს",- თქვა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, მათი შეფასებით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი კომისია შედეგიანი ვერ იქნება.