"ქართულ ოცნებას" არ აპირებს დათანხმდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილების იმ ნაწილს, რომლიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წევრის დანიშვნას გულისხმობს.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.
მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს ალტერნატივად ორი მოადგილის დანიშვნას სთავაზობს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარია ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს.
"შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე უნდა იყოს აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან და ეს იწვევს "ქართულ ოცნებაში" შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება მიშელის დოკუმენტი შესრულდეს და ორივე მხარეს შეათანხმებს,ა მიტომ საუბარია ახლა ორ მოადგილეზე",- აღნიშნა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მანიპულაცია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟვანია კი არა, ვინც არ უნდა დანიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მანიპულაცია" - თქვა პაატა მანჯგალაძემ
უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წევრი და შესაბამისად პარტიულად მიკერძოებული იყოს.
"პარტიული წევრები არიან პარტიული წევრები. ამიტომ ასეთი პარტიული წევრი იყოს მოადგილე, რომელიც თუ საქმე საქმეზე მიდგა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს არალოგიკურია იმ სურვილებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აქვს, რომ ცესკოს ხელმძღვანელობა იყოს მიუკერძოებელი",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო რეფორმის პირველი პროექტი ვენეციის კომისიას რევიზიისთვის ორშაბათისთვის უნდა გადაეგზავნოს. ცვლილებები კი პარლამენტმა ივნისის ბოლომდე მიიღოს.