სულელი არავინაა, "ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები აქვს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლების მცდელობაა, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილება და ეს გადააბრალოს ოპოზიციას" - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიცია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდებას ვერ დააბრალებს, რადგან "ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ისედაც აქვს და თუ ამის აუცილებლობა დაუდგათ, ნებისმიერი ცვლილების მიღებას ოპოზიციის თანხმობის გარეშეც შეძლებს.  

ამ ცვლილების ჩაგდების ნებართვას, რა თქმა უნდა, არავინ მისცემს ბატონ თალაკვაძეს. სულელი არავინ არის, ყველამ იცის, რომ "ქართულ ოცნებას" საკმარისზე ხმები აქვს ნებისმიერი ცვლილების გასატანად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, რასაც ვითხოვდით, იმას ვითხოვთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. და ვფიქრობ, არანაირ მოწოდებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, სხვა აზრი დააფიქსიროს, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ, ეს მოსაზრება და პოზიცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთხელ იქნა ხმამაღლა დაფიქსირებული, - ამბობს სამადაშვილი.

"ევროპულ საქართველოშიც" აცხადებენ, რომ დიპლომატებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა უკანონოა და პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს მოუწევს, შეასრულოს ყველა ის შეთანხმება, რომელიც 8 მარტის  მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული.  

როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს, დიპლომატიურმა კორპუსმა ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ  გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია არის ძალიან ნათელი. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" დაიცვას შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი. 

მმართველი გუნდი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს და ამბობენ, რომ მსგავსი შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე არ დადებულა. 

არჩილ თალაკვაძის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც შეხვედრის მონაწილე ელჩებს მიმართავს.

მათი თქმით, სწორედ დიპლომატებმა უნდა დაადასტურონ მათი განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი