
საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს საქმეზე ყაზახელი გამომძიებლების ჯგუფი მუშაობას უკვე ასრულებს. სამართალდამცავებმა საქმის მასალების გაცნობასთან ერთად ის პირებიც დაკითხეს, რომლებსაც შესაძლოა ადამიანებით ვაჭრობის სქემასთან კავშირი ჰქონოდათ.
ყაზახურ ან ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
"მოვლენილი იყო ორი ყაზახეთის მოქალაქე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, მათ გამოკითხეს საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, რომლებსაც აისელთან და მურადთან ჰქონდათ შეხება. ძირითადი კითხვები შეეხებოდა ტრეფიკინგს და რაიმე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდათ მურადთან, სხვა გოგოებთან დაკავშირებით, ასევე, რაიმე ძალადობა ხომ არ განახორციელა.
დაკითხულია ორგანიზაციაში მომუშავე ყველა პირი", - ამბობს საქმეზე დაკავებული ბესიკ თორდუას ადვოკატი.
ამავე თემაზე:
საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქმეში ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.