"რიონის ხეობის მცველებმა" და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისთვის ულტიმატუმიც გააჟღერეს. თუმცა, ულტიმატუმის წინაპირობას ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, მმართველ გუნდს "ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეთანხმება მიღწეული აქვსა და პროცესში წინსვლაა." მისივე თქმით, "ულტიმატუმის წინაპირობას ვერ ვხედავ, არ ვიცი ზოგადად ამ შემთხვევაში რა აქვთ. ულიტმატუმები ზოგადად არ არის კარგი".
კომუნიკაციის არსებობაზე მიანიშნებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც:
"ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხალხთან, იმისთვის, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჰესის მშენებლობას", - ამბობს ის.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველებმა ხელისუფლებას დღეს ულტიმატუმიც წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ, 12 საათამდე მისცეს.
რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს კი დღეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნაც დაემატა, რომლებსაც ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. გოლეთიანმა ნათია თურნავასა და გიორგი გახარიას გვარები დაასახელა.