ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია და ჰაერით ბევრად სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა განაცხადა. ინფორმციას კი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გასულ წელს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ვიეტნამში ახალა ეპიდაფეთქებაა, ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. აპრილის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში 3 600 ადამიანი დაინფიცირდა, ეს მაჩვენებელი ქვეყნის ჯამური შემთხვევების ნახევარია.
"ახლად დაინფიცირებული პაციენტების გენეტიკური სექვენირების შემდეგ, აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი. რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური შტამის მუტაცია, რომელიც თავდაპირველად ბრიტანულ ვარიანტს მიეკუთვნებოდა", - თქვა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.
ვიეტნამში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 6 396 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 47 ადამიანი გარდაიცვალა.