"ბატონ გახარიას, გაუჭირდება, რომ "ქართული ოცნება" და პარტიაში მისი მოღვაწეობის პერიოდი გააკრიტიკოს", - ასე აფასებს ექსპრემიერის ყოფილი თანაგუნდელი, "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასა და დღეს დაგეგმილ პრეზენტაციას.
მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ გახარიას პარტიის ფონზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა გაიზრდება:
"ბატონ გახარიას, გაუჭირდება, რომ "ქართული ოცნება" და პარტიაში მისი მოღვაწეობის პერიოდი გააკრიტიკოს გამომდინარე იქიდან, რომ ის თავად გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი, ამ პარტიის. არ იქნება მარტივი მისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს "ქართულ ოცნებას". არ ვიცი ის რა სეგმენტის მხარდაჭერის მოპოვებას აპირებს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, იმაში, რომ ჩვენი მხარდაჭერა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება", - ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე, გიორგი გახარია "ექსპო ჯორჯიაში" პარტიის პრეზენტაციას გამართავს, პრეზენტაციაზე დასწრების უფლება მედიას არ მისცეს. ექსპრემიერის პარტიას "საქართველოსთვის" ერქმევა.
გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გადადგომის შემდეგ, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან. ექსპრემიერის გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გუშინ, 14 აპრილს გააკეთა.