სასამართლომ მოქალაქეს კანაფის მოყვანისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

23 წლის გიორგი კლდიაშვილს, სამი ძირი კანაფის დათესვა-მოყვანის გამო, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ, მიმდინარე წლის 20 იანვარს მიიღო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, კლდიაშვილს 13 დღის შვილი დაატოვებინეს და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სრულიად უსამართლოდ მოათავსეს. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი პატიმარი რუსთავის მე-16 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიორგი კლდიაშვილისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს პარტია "გირჩი".

დღეს სისტემა უდანაშაულო ადამიანებს არაადამიანურად ექცევა და აწამებს ისეთი მცენარის მოყვანისთვის, რომლის მოხმარებაც, უკვე თითქმის ორი წელია, ლეგალურია, - ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, 2018 წლის 30 ივლისს მიიღო და აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას წარმოადგენს.

მანამდე კი, 2018 წლის მაისში, კლუბ "ბასიანში" ჩატარებული სპეცოპერაციისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დაპირება მიიღო. თუმცა, "ქართულმა ოცნებამ", სხვა დაპირებების მსგავსად არც ეს დაპირება შეასრულა - მმართველ გუნდს ნარკოპოლიტიკა ამ დრომდე არ შეუცვლია.

კანონპროექტი, უკვე ორი წელია, პარლამენტის თაროებზე დევს და ახალგაზრდებს უმცირესი სუბსტანციების ფლობისთვისაც კი ციხეში ისევ უმძიმესი სასჯელით უშვებენ. რატომ არ შეიცვალა პოლიტიკა და რატომ არ სრულდება დაპირება, ამაზე ხელისუფლებაში განმარტებას არავინ აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი