ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს მთავრობამ მოსალაპარაკებლად არაერთი პლატფორმა შესთავაზა. მათ შორის არის ექსპერტთა საბჭო, სადაც ნებისმიერი ექსპერტი კვლევებს გადახედავს და თავის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობა რიონის ხეობის მცველებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მას არაფერი უთქვამს აპირებს თუ არა ის, ან მთავრობის რომელიმე წევრი ადგილზე ჩასვლას და რიონის ხეობის მცველების ადგილზე ნახვას.
"კვლავაც ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას დიალოგისთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინაიდან იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროტესტს და აქვს გულწრფელი კითხვები, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები.
ჩვენც მთავრობა მოწადინებული ვართ, რომ სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის ეს პროექტი შესრულდეს, კარგად სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით და რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს",-თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 217-ე დღეა "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ. აქცია გუმათში დღესაც გაგრძელდება.
ამავე თემაზე: