შეერთებული შტატების სენატორებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე დასრულდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა იყო.
"რა თქმა უნდა ვთქვი, რომ ოცნება არ არის მზად, რომ დათმოს სასამართლო სისტემა და ყველაფერი გააკეთოს, რომ იქ კლანი არ გვქონდეს. ეს არის ის, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.
მეორე საკითხი არის, ის რომ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა გაანაწილოს ძალაუფლება სხვა ჯგუფებთან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან. ამიტომ ჩვენ რაც უფრო მეტი ინკლუზიური პროცესი გვექნება, რაც უფრო მეტ თანამდებობის პირს დავნიშნავთ მაშინ, როცა ამაში ოპოზიციაც იქნება ჩართული, მით უფრო მეტი იქნება ნდობა ამ ინსტიტუტებისა და ადამიანებთან მიმართებაში",- თქვა ეკა გიგაურმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა თქვა, რომ სენატორებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან ის რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მათ სასამართლო სისტემის ე.წ. კლანის გასათავისუფლებლად აქვთ.
"ჩვენთან ჰქონდათ მათ კითხვები, თუ როგორ ვხედავდით კლანის ძალაუფლებისგან სასამართლოს გათავისუფლებას. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვები და შეთავაზებები, რაზეც ვესაუბრეთ, ეს უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს დაფუძნებული, ძალაუფლების განაწილების ბაზის და ამ პრინციპს. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბრები, ჩვენი რეკომენდაციები",-თქვა სიმონიშვილმა.
სენატორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
სენატორი ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი მოგვიანებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.