"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებისთვის სათანადო პირობებია, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი მონიტორინგის უფლება უნდა ჰქონდეს.
მისივე შეფასებით, პროკურატურის მიერ დაუმთავრებელ საქმეებზე აპელირება არასწორია, ვინაიდან დასკვნების გამოტანა წინასწარ არ შეიძლება.
"მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ამ საქმეებზე აპელირება. ვინაიდან, ეს არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გამოძიება მიდის და აქ რაიმე დასკვნების გამოტანა წინასწარ არ შეიძლება, ამიტომ აპელირებაც არასწორია.
რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ არის სათანადო პირობები. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს და არასრულწლოვნებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და შესვლის შესაძლებლობა.
არის შესაბამისი ინსტიტუტი, მათ შორის არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მონიტორინგი",- თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე.
ამავე თემაზე: