ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს "ქართული ოცნების" წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია. ამ თემაზე მან კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა ალბათ გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით ბუნებრივია.

მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას, არის ის, რომ ამჟამად იქ უშუალოდ პანსიონში, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ყველანაირი მიზეზი ნერვიულობის რეალურად აღმოფხვრილია, იქ ამჟამად ეს მდგომარეობა არის", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

მისივე განცხადებით, ეს ამ დროის მუშაობის შედეგია და არა საბოლოო წერტილი. სარჯველაძემ განაცხადა, რომ გაგრძელდება მუშაობა, რათა ომბუდსმენს მონიტორინგის საშუალება მიეცეს.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ამ დრომდე ვერ ახორციელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი