ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე 7 ივნისიდან Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეეძლებათ შესვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ თუ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
"მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს (ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ(სინოფარმი, სინოვაკი)" - წერია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაცია "სინოვაკით" მიმდინარეობს.