
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქეებს დააპატიმრებენ. ინფორმაციას საერთაშორისო მედია "როიტერსი" ავრცელებს.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული რიგი ცვლილებების ფარგლებში ლუკაშენკომ 4-წლიანი პატიმრობა დააწესა პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში იქნებიან ბრალდებულები.
როგორც "როიტერსი" იუწყება, "რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა" ასევე გაამკაცრა სანქციები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საპროტესტო სიმბოლოების გამოყენებისათვის.
ახალი კანონის თანახმად, ვინც ორჯერ მაინც დააკავეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, ან შეურაცხყოფა მიაყენეს მთავრობის წარმომადგენელს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.