რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პრემიერს პასუხობს და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" საკითხზე საერთო პოზიცია არ აქვს. მისივე თქმით, სასურველი იყო ხელისუფლება ჯერ მათ შეხვედროდა, მოესმინა და ინვესტორთან მოგვარება შემდეგ დაეწყო.
"შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთება ვხედავთ, რომ გრძელდება. პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან არის ის, რომ არ აქვს როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმებული იყო ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, რომ ამას ესე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი. [...] აშკარა აცდენა აქვთ თვითონ შიგნით და საერთო პოზიცია არ აქვთ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე აზრით, დასაზუსტებელია ხელშეკრულების კონკრეტულად რომელი პუნქტები შეიცვლება.
"ზუსტად უნდა გავიგოთ და გვითხრან რა ცვლილებები შედის. ჩვენთან, როგორც ამ პრობლემების წარმომჩენ ხალხთან, არ გაუვლიათ ეს საკითხები, რა საკითხებს ვაყენებთ დღის წესრიგში, მათი ჭკუით ყველაფერი კარგად იყო ამდენი ხანი", - თქვა მან.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და რომ მას ეს პროექტი და ეს "პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა".