ღარიბაშვილს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. შესაბამის პოსტს Facebook-ზე "საქპატენტის" ყოფილი თავმჯდომარე, მინდია დავითაძე აქვეყნებს და წერს, რომ ამაში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაციაც.

მისი თქმით, თანამდებობაზე გახარიას დროს 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით დაინიშნა.

"ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახლი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან", - წერს მინდია დავითაძე.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 10 ივნისს, მივლინებაში ყოფნის დროს შეატყობინა, რომ 9 ივნისს ღარიბაშვილმა გაათავისუფლა. დავითაძის ინფორმაციით, პრემიერის და ადმინისტრაციის დავალებით მისი გათავისუფლების "ხელოვნური საფუძვლის" შესაქმნელად, "თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, საქპატენტში ინსპექტირება განახორციელა.

"რეკორდულ დროში - 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები.

რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას", - წერს ის.

დავითაძე აცხადებს, რომ მან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ილია დარჩიაშვილთან მოითხოვა, რომელმაც განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ გიორგი გახარიას დანიშნული იყო.

მისი განცხადებით სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი