საგარეოს ინფორმაციით, ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში 14 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადექვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ - მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, რომლის დროსაც პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი