ბავშვთა სახლებში სექსუალურ სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის იარაღია - ვასაძე ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

ჰომოფობიური და ძალადობრივი განცხადებებით გამორჩეული პარტია "ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ლიბერალური ძალების მხრიდან "ტრადიციული რელიგიების ნგრევის საერთაშორისო პროგრამასთან" აკავშირებს.

ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ პანსიონებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის ტრადიციული იარაღია.

"დავიწყებ ეკლესიაზე შეტევით, რომელიც უკვე კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ბოლო კვირებში გამოვლინება ჰპოვა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის, პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებში და პირველი რაც მინდა ვთქვა - ეს არ არის ლოკალური მოვლენა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლიბერალური რესპუბლიკების შეტევა ტრადიციულ სარწმოუნოებრივ ინსტიტუტებზე ატარებს რამდენიმე მიმართულებას. 

ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება არის ტრადიციული იარაღი ეკლესიაზე დარტყმისა ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან", - თქვა ვასაძემ. 

მისივე მტკიცებით, თუ დასავლური ქვეყნებში ეკლესიასთან ბრძოლის ისტორიას ვნახავთ ამის აურაცხელ მაგალითებს ვიპოვით ირლანდიაში, კანადაში, საფრანგეთში, ინგლისში თუ სხვა.

"ყველგან ერთი სცენარით მიმდინარეობს, არასამთავრობო სექტორი მიზანმიმართულად ახდენს აპელირებას დაუმტკიცებელი ბრალდებების მეშვეობით, ენჯეო სექტორისა და ლიბერალური მედიის დახმარებით აგორებს სკანდალებს ეკლესიის გარშემო ერთი მიზნით, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია მოსახლეობის თვალში", - თქვა მან. 

ვასაძის აზრით, უვიცები და ბრმები უნდა ვიყოთ, რომ ის რაც ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ხდება მხოლოდ ლოკალურ ინციდენტად განვიხილავდეთ, რომელიც "საერთაშორისო პროგრამასთან" ბმაში არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი