თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელი დაიკითხა, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ადგილზე იმყოფებოდა.
დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა, რადგან შეუძლებელია მას აქციის დროს, ხმაურში, 5 მეტრის მანძილიდან, ნიკა მელიას სიტყვები გაეგო.
"გარკვეულწილად, სასაცილო არის ბრალდების მხარე ამ პროცესზე, როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ კარგად ავარჯიშონ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ, ამიტომ, სასამართლო სხდომაზე სვამენ კითხვებს, კითხვების შესავალში მათთვის სასურველ პოზიციას და პასუხებს აჟღერებენ, პოლიციელს, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაში იყო, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაზე, აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, ხმაური და თურმე, ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როცა მინიმუმ, ადამიანების 5 ზოლი იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ არ გაუგია სხვა არავის სიტყვები", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ადვოკატმა ასევე ირაკლი კობახიძის ბოლო ინტერვიუ გაიხსენა, სადაც კობახიძე აღიარებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები პროვოკაციულად მოქმედებდნენ.