საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას აპარატი, ამ წუთებში, პარლამენტს 2020 წლის ომბუდსმენის ანგარიშს გააცნობს. ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, მოსმენები, მათ შორის ჟურნალისტების, მედია ზეწოლა და თავდასხმები ჟურნალისტებზე, კარტოგრაფების საქმე, შრომითი უსაფრთხოება, შაქარაშვილის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე და სხვა არაერთი გახმაურებული გამოძიებები.
ომბუდსმენის ანგარიშში ასევე განხილულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარებაც. ანგარიშის თანახმად, ციხეებში არასათანადო მოპყრობის შესახებ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, აქედან 77 შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირები იყვნენ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები. 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები, 16 განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს შეეხებოდა, 50 განცხადება კი - გამოძიების გაჭიანურებას.
"პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. შესწავლილი საქმეების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის გაუარესების ტენდენცია აღინიშნება, შესწავლილი 463 შემთხვევიდან 34.3%-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მიყენებული იყო დაკავებისას ან დაკავების შემდეგ:
"საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სახეზე გვაქვს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 26.8%, ხოლო 2019 წელს - 31.8% იყო. შეკრება-მანიფესტაციისას და ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული დაკავების ხშირი გამოყენების პარალელურად, აუცილებელია დამატებითი საპროცესო გარანტიების შემოტანა, რათა არსებული სიტუაცია გამოსწორდეს და არასათანადო მოპყრობის რისკი შემცირდეს და გამოირიცხოს", - წერს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარიას ანგარიშში ასევე მოხდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ისინი ვერ სარგებლობენ პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით.
ანგარიში, რომელიც 486 გვერდისგან შედგება ასევე მოიცავს, საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს, საოკუპაციო ზოლთან უკანონო დაკავებებს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს. ანგარიშში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ბავშვებსა და მათ უფლებებს, გარდა ამისა, ომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებასაც, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე.