სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. ინფორმაციას თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება საქმეს, რომლის საფუძველზეც 2020 წელს დააკავეს.
ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ, - წერს უგულავა.
საერთაშორისო სამართლის იურისტის, სანდრო ბარამიძის ინფორმაციით კი, "სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა "კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს".
ცნობისთვის, გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა იმ საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა.
ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში ამ საქმეზე უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. იმავე დღეს უგულავა დააპატიმრეს. თბილისის ყოფილი მერი 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. შეწყალებას კი წინ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება უძღოდა.