ჰაბლის ტელესკოპის მთავარი კომპიუტერი გაითიშა - NASA მის ჩართვას უშედეგოდ ცდილობს

გამოქვეყნდა:

1990 წელს გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც კაცობრიობის ცოდნა კოსმოსის შესახებ გააღრმავა, ამჟამად გამორთულ მდგომარეობაშია. კომპიუტერი 13 ივნისს გამოირთო და ინჟინრები დედამიწიდან მის ჩართვას უშედეგოდ ცდილობენ.

ჰაბლის ტვირთის კომპიუტერი ტელესკოპის სამეცნიერო ოპერაციების გასაგრძელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ამ მოწყობილობის „ტვინებია“, რომელიც ჰაბლზე არსებული მრავალი ინსტრუმენტის კოორდინაციასა და კონტროლზეა პასუხისმგებელი. ეს კომპიუტერი ტელესკოპის გაუმართავობასაც ამოწმებს.

თავდაპირველად, NASA-ს ინჟინრებს ეგონათ, რომ კომპიუტერის გამორთვის მიზეზი დეგრადირებადი მეხსიერების მოდული იყო. კომპიუტერის ხელახლა ჩართვამ პრობლემა ვერ დაგაჭრა, ამიტომ, ოთხშაბათს, 16 ივნისს, ჰაბლის გუნდმა სათადარიგო მეხსიერების მოდულის ჩართვა სცადა. 

ისტორიულ ტელესკოპს ამანაც ვერ უშველა.

სათადარიგო მოდულის გაშვების ბრძანება ვერ შესრულდა, - წერს NASA ბლოგ-პოსტში.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გაუმართავობა მოულოდნელი ამბავი არ არის. ის 30 წლის წინ გაუშვეს და მას შემდეგ მისია არაერთხელ გაუხანგრძლივეს. ის უკანასკნელად 2009 წელს შეაკათეს და უბრალოდ დროის საკითხია, როდის დაზიანდება ისე, რომ შეკეთებას აღარ დაექვემდებარება.

ასტრონავტი ჯეფრი ჰოფმანი (წინ) ახალი ფართე კუთხიანი პლანეტური კამერის დასაყენებლად ემზადება. ფოტო გადაღებულია 1993 წლის 7 დეკემბერს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის პირველი შესაკეთებელი მისიისას. ფონზე ჩანს ასტრონავტი სტორი მასგრეივი.

2018 წელს, ჰაბლს გიროსკოპი გაუფუჭდა. ამ შემთხვევაში, ინჟინრებმა შეძლეს და ეს პრობლემა აღმოფხვრეს იმით, რომ ტელესკოპს „კოსმოსური რხევა“ მიანიჭეს. ამ წლის დასაწყისში კი, ტელესკოპი პროგრამული ხარვეზის გამო „უსაფრთხო რეჟიმში“ (safe mode) გადაიყვანეს.

ჰაბლის ტელესკოპის მსგავსი ინსტრუმენტის დამზადებისას, რომელიც შორიდან უნდა გაკონტროლდეს და მასთან ფიზიკურად მიღწევა დიდ სირთულეს წარმოადგენს, საიმედოობა უმნიშვნელოვანესია.

ამ შემთხვევაში, სიტუაცია უკონტროლო არ არის. ტვირთის კომპიუტერს (NASA Standart Spacecraft Computer-1 ან NSSC-1) 64 ბიტიანი ოთხი მეხსიერების მოდული აქვს. ის ნებისმიერ დროს ერთ მოდულს იყენებს, დანარჩენი სამი სათადარიგოა. გარდა ამისა, ბორტზე მეორე სათადარიგო ტვირთის კომპიუტერიცაა, რომლის ჩართვას დიდი პრობლემის დროს შეძლებენ.

ოპერატიული ჯგუფი ტესტების ჩატარებასა და სისტემის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გააგრძელებს, რათა უფრო ცხადად გამოიყოს პრობლემა. სამეცნიერო ინსტრუმენტები უსაფრთხო რეჟიმის მდგომარეობაში პრობლემის მოგვარებამდე დარჩება. თვითონ ტელესკოპი და სამეცნიერო ინსტრუმენტები კარგ მდგომარეობაში იმყოფება, - წერს NASA.

აქედან გამომდინარე, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, უდიდესი ალბათობით, სიცოცხლეს გააგრძელებს და თავისი ჯადოსნური სარკითა და კამერებით ვარსკვლავებში კვლავ გვამოგზაურებს. თუმცა, სამუდამოდ არა. საბოლოოდ, მისი ნაწილები დაიფლითება, ან ორბიტას მოწყდება და ინჟინრებს მისი სახლში დაბრუნება მოუწევთ. ის ატმოსფეროში დაწვით დიდებულად და ღირსეულად დაასრულებს თავის შესანიშნავ და ღვაწლმოსილ სიცოცხლეს.

დამატებითი მასალები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შესახებ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი