საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიისთვის საერთო პრესკონფერენცია გააკეთეს. ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის მჭიდრო ურთიერთობებს მიესალმება, ასევე მიესალმება მათ სურვილს ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.
"ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ პარტნიორებს ჩვენთან დაახლოება და გაწევრიანება სურთ. ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის სტრატეგიულ პარტნიორობას ნიშნავს, ეს არის გზა წინსვლისკენ და უსაფრთხო მომავლისკენ. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, და მივესალმებით ამ კავშირების კიდევ გამყარებას", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა, ასევე, ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება მხარეებს უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ უბიძგებს. მან თქვა, რომ შეთანხმებაში არსებობს ისეთი მნიშვნელობის რეფორმები, რომლებიც იმპლემენტაციას საჭიროებს, მან ქვეყნებს შეთანხმების აღსრულების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დეკემბერში გაიმართება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევთანხმდეთ საერთო სამომავლო ხედვაზე. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, მე თქვენი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს,- თქვა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ბორელს შორის შეხვედრა დღეს, 24 ივნისს გაიმართა.