"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას მეუღლე გუშინ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პოლიტპატიმრებს თავისუფლებას ულოცავს. სოფო სიხარულიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება რვა მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებს და გიორგი რურუასაც გაათავისუფლებს.
სენატორ რიშის წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ გიორგი საპატიმროში აბსურდული ბრალდებებით იმყოფება. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, პიროვნებებზე მეტად, ქვეყნისთვის არის კარგი რომ მსგავსი შემთხვევები არ გვქონდეს და არ იყვნენ საქართველოში პოლიტპატიმრები, - ამბობს სოფო სიხარულიძე.
გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 18 მაისს არის ჩანიშნული. სწორედ ამ სხდომაზე, ადვოკატები, მოსამართლეს, რურუას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.