საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მტრებთან თანამშრომლობს! - ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი უპრეცედენტო განაცხადს აკეთებს. ამერიკის სენატი ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ და პრორუსულ კავშირებში ღიად ადანაშაულებს.
ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯონ კორნინი, კონგრესმენები მარკვეინ მალინი და ჯოდი არინგტონი - გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე გაგზავნილია.
"ქართული ოცნების" უკანონო ეკონომიკური საქმიანობით გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც, მმართველმა პარტიამ ამერიკული ინვესტიციების გაშავება ღიად დაიწყო.
"ფრონტერა რისორსი", "კონტი ჯგუფი" - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია,რომელსაც ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა. სტრატეგიული პარტნიორის კომპანიების დაბლოკვა და ღიად ამერიკის მტრების წისქვილზე წყლის დასხმა გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს, მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორში.
ასეთი მძიმე ბრალდება მეგობარი ქვეყნის მხრიდან ანალიტიკოსებს აქამდე არ ახსენდებათ. მათი ვარაუდით, ამ წერილის შემდეგ ოლიგარქის რუსული თამაში, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებით დასრულდება.
ოპოზიციაში ყველა დარწმუნებულია, რომ უპრეცედენტო გზავნილები დასავლეთიდან მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - ოლიგარქის მმართველობა ოქტომბრის არჩევნებზე დასრულდება.
ივანიშვილის რუსულ და ირანულ კავშირებზე დიდი ხანია გავლენიან სენატორ კრუზს წერილებს წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ოლიგარქს არასახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის სანქციები დაუწესდება.
მთელი დღეა, მმართველი გუნდი მძიმე ბრალდებებზე პასუხს თავს არიდებს. ერთადერთი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო, ვინც უპრეცედენტო ზეწოლაზე პასუხის გაცემა, კონკრეტული ამერიკული კომპანიის საქმეზე ყურადღების გამახვილებით სცადა.
ახლა მაიკ პომპეომ და სტივ მნუჩინმა უნდა გადაწყვიტონ რა ფასს გადაიხდის "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ოლიგარქი ამერიკის და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის და იქნება თუ არა ეს პოლიტიკური ფასი სანქციები.