ზესტაფონში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული პოლიციელი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოკლულთან შეხება არ ჰქონია.
გამოძიება დაკავებულ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას ედავება.
"ბრალი სანამ არ წარედგინება, კანონით უფლება არ მაქვს, რომ მასალებს გავეცნო. ერთი დუმილს იყენებს, ბრალის წარდგენის შემთხვევაშიც ანალოგიური იქნება, თავს არ გრძნობს დამნაშავედ. ჩემს კლიენტს გარდაცვლილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია", -ამბობს პოლიციელის ადვოკატი.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ დანარჩენ ორ პირს, ხ.გ, რომელსაც გამოძიება მტკიცებულებების განადგურებას ედავება, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ხოლო რ.ბ, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მკვლელობა განზრახ არ მომხდარა და იარაღიდან გასროლა შემთხვევით მოხდა.
ზესტაფონში მკვლელობა გუშინ, 30 ივნისს გვიან ღამით მოხდა. 31 წლის კაცი ტაბელური იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.