
მალხაზ ბადუაშვილს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს გამოძიება იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარებას ედავება.
მალხაზ ბადუაშვილი თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე დააკავეს.
წინასწარი დაკავების იზოლატორში, კრიმინალური ავტორიტეტი მოინახულა უფლებადამცველმა, რომელიც ამბობს რომ ბადუაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციამ ჩაუდო.
"დაცვის მხარე წარმოვადგენთ ვიდეო მასალას, სადაც დაფიქსირებული იქნება ის დარღვევები, რომელი დარღვევებიც თან ახლდა მალხაზ ბადუაშვილის დაკავებას. ის დაკავებისას არ გაჩხრეკილა, შესაბამისად, ის იქნა დაკავებული და გადაყვანის შემდეგ იქნა ჩხრეკის ოქმი შედგენილი, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი", - ამბობს ადვოკატი.
მისივე მტკიცებით, ბადუაშვილის დაკავებისას არანაირი იარაღი არ ჰქონია. ბადუაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ბადუაშვილის ცოლმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის კრიმინალურ ავტორიტეტად არ მოიხსენიონ.
"მალხაზი არ არის კრიმინალური ავტორიტეტი, ოჯახური მეურნეობა გვაქვს, ამხელა მილიონიანი ქონება დაგვიწვეს და კიდევ ჩემ მეუღლეს უდებენ იარაღს?! კიდევ ჩემი მეუღლე უნდა დააკავონ?! მერამდენედ" - თქვა მან.
მალხაზ ბადუაშვილის სახელს არაერთი გახმარებული საქმე უკავშირდება, ის უკვე მეოთხედ დააკავეს.
ბოლო შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მოხდა - შურისძიების მოტივით მალხაზ ბადუაშვილს სამაცივრე მეურნეობა გადაუწვეს.