ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების დაპირების არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ 200-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ.
ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმით უკმაყოფილო მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე ლაპარაკობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ოპოზიციის მეირ შეთავაზებული გეგმა გაცილებით უფრო რეალისტურია.
ოპოზიციის გეგმის მიხედვით, ყველა მოქალაქე ვისი შემოსავალიც წლიურად 40 ათას ლარს არ აღემატება, ერთჯერადად, 1000 ლარს მიიღებს, არასრულწლოვნები კი - 500 ლარს. პროგრამის განხორციელებას სამი მილიარდი ლარი დასჭირდება.
თვითდასაქმებულების ძირითადი ნაწილი და 164 ათასი სოციალურად დაუცველი, ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამით ვერ ისარგებლებს. საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზული გეგმა არაეფექტურია და სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებას გეგმის ალტერნატივას სთავაზობენ, რომლის მიხედვით, დახმარების მიღების საშუალება თითქმის ყველა მოქალაქეს ექნება.
დათანხმდება თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის შეთავაზებას და მიიღებენ თუ არა მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. შეთავაზებაზე მმართველ გუნდს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.