ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის სპიკერი, დენიელ ჰოლტგენი გუშინ, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქციასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას Twitter-ზე გამოეხმაურა.
ჰოლტგენი წერს, რომ სახელმწიფომ ადამიანების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა უზრნველყოს.
"ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21 - ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება",- წერს დანიელ ჰოლტგენი.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი. მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისა და თავდამსხმელი დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.
"ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21 - ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები",- წერს დუნია მიატოვიჩი.
ცნობისთვის, გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.