მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობისა და ათობით დაშავებული ჟურნალისტის შემდეგ, დედაქალაქის მერი აქციებზე სამართალდამცველების მუშაობას ეფექტურად აფასებს.
კალაძემ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ძალადობა მისთვის "კატეგორიულად" მიუღებელია.
კახა კალაძე, რადიკალი ჯგუფების მხრიდან, ევროკავშირის დროშის დაწვასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ვერანაირი ვანდალიზმი ხელს ვერ შეუშლის, ქვეყნის მისწრაფებებს".
"ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის.
ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.
ის რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ევროპელები ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა პოლიციას მადლობა გადავუხადო,- თქვა კალაძემ.
"თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
ამას გარდა, რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამას გარდა პრემიერი ამტკიცებდა, რომ მარშის ორგანიზატორობის უკან "ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით დგას".
6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქცია გამართეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.