პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამტკიცებს, რომ პოლიცია ორი დღის განმავლობაში აქციებზე შესაბამისად მოქმედებდა.
კერძოდ, ღარიბაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციას მობილიზებული ჰყავდა 3 500 პოლიციის ოფიცერი.
მისივე მტკიცებით, ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც აქციაზე მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, საპატრიარქოსა და ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
ამასთან, პრემიერი შს მინისტრის მოადგილის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ ღირსების მარშის დაწყებამდე, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.
5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას ღარიბაშვილმა თავისი მოწოდებებიც გაიხსენა.
"2-3 დღეს ამ ადამიანებს მიეცათ სხვა ლოკაცია, თბილისთან ახლოს, არავითარი შეფერხება არ ჰქონიათ. მაგრამ ჩვენმა ძალებმა შეაფასეს რისკები და საფრთხეები, რომლები მომდინარეობდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ საჯაროდ, და მათ შორის მეც გამოვედი და მე მოვუწოდე, რომ არ იყო მიზანშეწონილი თბილისში, ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა ადგილას, ისე როგორც მათ ჩაატარეს წინა დღეებში, ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძება და პოლიცია მათ დაიცავდა",-თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "პროვოკაცია რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა".
"5 ივლისს 11 საათამდე დაიწყო მობილიზება, ქუჩაში გამოჩდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები და ზოგიერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს.
ამით დააზიანეს, როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენს ქვეყანას მოადგა ზიანი.
ჩემი შეფასებით, და ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს , ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებას და შეჯახებას, რა თქმა უნდა დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული არ შედიოდა, არც ეკლესიის არც ჩვენი მთავრობის არც, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს პროვოკაციები შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში",- თქვა ღარიბაშვილმა.
"თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
ამას გარდა, რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამას გარდა პრემიერი ამტკიცებდა, რომ მარშის ორგანიზატორობის უკან "ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით დგას".
6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქცია გამართეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.