ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ათობით ჟურნალისტზე თავდასხმის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური "პოლიტიკურ კეკლუცობას" უწოდებს ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის შეფასებას, რომლებიც ამბობენ, რომ "სახელმწიფო არ გვაქვს".
ღუდუშაური ამბობს, რომ პოლიტიკოსები "მომსახურების ზონიდან გასული არიან", ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს ხსენებისას წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთენ.
"ვინც ამბობს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ამას პოლიტიკური კეკლუცობაც აღარ ქვია, ამას ქვია საკუთარი თავის მასხრად აგდება.
თავი შეიკავონ, როცა სახელმწიფოს ახსენებენ, ცოტა მეტად მოზომილები იყვნენ და ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ასე ხელაღებით შეიძლება ისაუბრონ. დიდი ხანია ეს პოლიტიკოსები გასული არიან მომსახურების ზონიდან და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, მაგრამ მე მინდა, რომ დაბრუნდნენ და იმ წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთენ, სადაც სახელმწიფოს ახსენებენ",- თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
"თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
ამას გარდა, რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამას გარდა პრემიერი ამტკიცებდა, რომ მარშის ორგანიზატორობის უკან "ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით დგას".
6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქცია გამართეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.