"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველების შესაბამისი რაოდენობა არ ყოფილა. სარჯველაძის განმარტებით, "ინციდენტის" დაწყების შემდეგ ადგილზე ვითარება მოულოდნელად განვითარდა და ჰომოფობიური და ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებისგან ჟურნალისტებზე თავდასხმის მომენტში, ადგილზე მობილიზებული პოლიცია საკმარისი არ აღმოჩნდა.
სარჯველაძე ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციას მომხდარზე "მყისიერი" რეაგირება ჰქონდა და ადგილზე სამართალდამცველების შესაბამისი რაოდენობა "სწრაფად" მივიდა.
"5 იქნება, 25 თუ 125 ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ არც ერთი ფაქტი რეაგირების და სათანადო სამართლებრივი პასუხის გარეშე არ დარჩეს. იმ დროს, როცა ინციდენტები დაიწყო, ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი მოვლენების ასე განვითარება, შესაბამისად პოლიციელების ის რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობით, რომ ეს უზრუნველყოფთა აბსოლუტურ დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჟურნალისტების და სხვა ადამიანების. შესაბამისად, მყისიერი იყორეაგირება ესეც უნდა ვთქვათ და ძალიან სწრაფად რაოდენობა შეიქნა ისეთი, რომელმაც შემდგომ ესკალაცია გამორიცხა",- თქვა სარჯველაძემ.
"თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
ამას გარდა, რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამას გარდა პრემიერი ამტკიცებდა, რომ მარშის ორგანიზატორობის უკან "ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით დგას".
6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქცია გამართეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.