პარლამენტს შეეძლო პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ უარი თქვეს - დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტს ამის შეჩერება შეეძლო, თუმცა მათ ეს არ მოინდომეს. 

დეგნანის თქმით, ამერიკა ამ პროცესით იმედგაცრუებულია:

"სანქციები ბევრი შესაძლო ბერკეტიდან ერთ-ერთია. ვფიქრობ საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ნახეთ, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ ამ პროცესით, მას შემდეგ, რაც ბევრი შეხვედრის შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ვითხოვდით.

ეს ის იყო, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ დანიშვნები შეჩერებული იქნებოდა მანამ, სანამ მრავალპარტიული ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც ვართ მოსამართლეთა დანიშვნით იმედგაცრუებულები. პარლამენტს შეეძლო პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.

ვიტყოდი, რომ აშშ-ს განცხადებები, სახელმწიფო მდივნის ჩათვლით, არაა ნაჩქარევად გაკეთებული. ესაა წუხილის გზავნილები საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორისთვის, რაც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და არ უნდა ჩაითვალოს ნაჩქარევად", - ამბობს დეგნანი.

ცნობისთვის, ამავე თემზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მთავრობას მოუწოდა შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებით, მანამ, სანამ ფართო და ინკლუზიური რეფორმა არ გატარდება. ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია პარლამენტის მიერ უზენაესში მოსამართლეთა დანიშვნით.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი