"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, კორონვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და იქვე განმარტავს იმ საკითხებს, რაზეც მას შარლ მიშელთან შეხვედრაზე უნდა ესაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან მმართველ გუნდთან მიმართებაში უფრო მკაცრი და ზუსტი გზავნილებია საჭირო. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, შეთანხმების დარღვევისთვის "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს, რაც შესაძლოა ინდივიდუალური სანქციებით გამოიხატოს.
ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტ მიშელის მხრიდან სხვა ნაბიჯები ფუნდამენტური შეცდომა იქნება.
"რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე:
მას შემდეგ რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი
ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს.
არც მეტი, არც ნაკლები
ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა
ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით
ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას
ანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევი
უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი
არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა",- წერს ზურა ჯაფარიძე.
შარლ მიშელისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ ისინი მედიის და ჟურნალისტების სათქმელსაც გააჟღერებენ.
ცნობისთვის, შარლ მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.