ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, "ოცნება" აგრძელებს მედიაზე თავდასხმას - NGO-ებისა და მედიების წერილი მიშელს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოში მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს სპეციალური წერილით მიმართავენ და სთხოვენ გააგრძელოს ხელისუფლების აქტიური კომუნიკაცია და გააკეთონ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნაზე. 

ხელმომწერები მადლობას უხდიან მიშელსა და ევროკავშირის ელჩ იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებენ.

"მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.  საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს  კი  ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - წერია საერთო განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენე:

  1. მაუწყებელთა ალიანსი
  2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  3. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  6. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  8. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  9. უფლებები საქართველო
  10. ღია საზოგადოების ფონდი
  11. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  12. ლიბერალური აკადემია თბილისი
  13. მედიის განვითარების ფონდი
  14. მედიის უფლებები
  15. მედია კლუბი
  16. სატელევიზიო ქსელი
  17. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  18. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  20. მოძრაობა სირცხვილია
  21. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  22. საფარი
  23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  24. პენცენტრი
  25. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
  26. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  27. მწვანე სექტორი
  28. Მთავარი არხი
  29. ფორმულა
  30. ტვ პირველი
  31. ტელეკომპანია კავკასია
  32. მედიაჰოლდინგი ჰერეთი
  33. გაზეთი ბათუმელები
  34. ნეტგაზეთი
  35. ინდიგო მედია
  36. პუბლიკა
  37. ტაბულა
  38. მედიაჰოლდინგი ქრონიკა
  39. მედია.ჯი
  40. გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  41. ინტერნიუსი საქართველო
  42. ღია რუსთავი.ჯი
  43. რუსთავის მედია ჯგუფი
  44. გურიის მოამბე
  45. მეტრონომ.ჯი
  46. ქუთაისი თუდეი
  47. რადიო ძველი ქალაქი
  48. Dailyunfo.ge
  49. At.ge
  50. FirtsNews.ge
  51. News Agency Expressnews
  52. ტელეკომპანია ახალი
  53. ტელეკომპანია ოდიში

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი