ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის ერთ-ერთი თემა კვლავ საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. საუბარი საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, 19 აპრილის შეთანხმებასა და ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას შეეხო.
სენატორმა ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ ისიც და კომიტეტის სხვა წევრებიც რეგულარულად იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება.
"თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი",- თქვა ჯიმ რიშმა.
სენატორ ჯიმ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ერთ-ერთმა კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა ხაზი საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა. დონფრიდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატია.
ის აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, იმუშავებს იმისათვის, რომ 19 აპრილის შეთანხმება სწრაფად და სრულად განხორციელდეს.
"დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ შეთანხმებას. რთულია საკმარისად ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერეზე",- ამბობს კარენ დონფრიდი.
ცნობისთვის, კარენ დონფრიდი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.