
"მთავარი არხის" იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გუშინ, არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევით, ორი დანაშაული ჩაიდინა - ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამის შესახებ საძაგლიშვილმა მთავარ პროკურატურასთან ისაუბრა, სადაც არხის თანამშრომლებმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო ორგანოები ვალდებულები არიან მედიაში ინფორმაციის გავრცელების საფუძველზეც კი დაიწყონ გამოძიება, მათ ეს მოვალეობა არ შეუსრულებიათ ამ დრომდე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავაფიქსიროთ ეს მოთხოვნა. კერძოდ, გამოძიების დაწყების მოთხოვნა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა, იმიტომ რომ ცალსახად არის აღბეჭდილი ვიდეომასალაში თეა წულუკიანის მხრიდან ორი დანაშაულის ჩადენა. ეს არის ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. თუკი აქამდე ხელისუფლება დაკავებული იყო ძალადობის წახალისებით, ახლა უკვე მთავრობის წევრები გადავიდნენ უშუალო ძალადობაზე, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს.
იხილეთ ასევე: