ლეიბორისტული პარტია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს და საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.
პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლაზე უარი თქვეს, მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაა.
"ლეიბორისტული პარტია ერთადერთია, დაუმორჩილებელი, პრინციპული, სიტყვის პატრონი, რომელიც არ შევიდა პარლამენტში და ამის გამო დასჯა აქვს ჩვენი გადაწყვეტილი ჩვენი ბიძა ივანიშვილს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. ჩვენ ვერ გვექნება ერთობა ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომელსაც ერთი ფეხი ივანიშვილის ბუტკა -პარლამენტში უდგათ, და მეორე მხრივ აპირებენ მასთან ბრძოლას, ეს შეუთავსებელი და მიუღებელია",- ამბობს გიორგი გუგავა.
ცნობისთვის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იქნება.
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებს და მხარს დაუჭერს ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას. იგივე გადაწყვეტილება მიიღო პარტია "ევროპულმა საქართველომაც".