"ქართული ოცნება" ისევ უარყოფს, რომ თბილისში გაკრულ ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის პლაკატების უკან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია დგას. ამის დასამტკიცებლად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მერიის მიერ ბანერების ჩამოხსნას ასახელებს.
"რა სიძულვილი, სიკეთე და პოზიტივი, მხოლოდ ეს. ჩვენი კამპანია დაიწყო პროგრამით, პოზიტიური კანდიდატით. ეგ არ არის ჩვენი კამპანიის ნაწილი. აბა რატომ ჩამოხსნა მერიამ?!" - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
დავით მათიკაშვილი კრიტიკულ მედიას ისევ ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ როცა "ჟურნალისტიკას დავუბრუნდებით" შემდეგ გვიპასუხებს.
"კამერების უკან დამალულ პოლიტიკურ პარტიას, ნამდვილად არ ჩავეწერები. დაუბრუნდით ჟურნალისტიკას და შემდგომ დავილაპარაკოთ", - თქვა მან.
კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა არც დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის ჰომოფობიური პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც გააკრეს. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია. ამავე თემაზე: