"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს განცხადება ერთის მხრივ ადასტურებს, რომ მათ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ ცხადყოფს, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
"ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმოადგენლების ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეხლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან" - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.